ქეა საერთაშორისოს კავკასიის ოფისმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა სტრატეგიული დაგეგმარების მხრივ ცვლილებების განხორციელება და „პროგრამული მიდგომის“ დამკვიდრება. ეს მიდგომა ითვალისწინებს ქეას აქტივობების უფრო კოორდინირებულ განხორციელებას. ახალი მიდგომის მიზანია მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გავლენის მოხდენა ხალხის ცხოვრებაზე „სიღარიბის ძირითად მიზეზებზე“ ფოკუსირებით და სხვა პროექტების გზით.
საქართველოში პროგრამა ძირითადად მიმართულია ეკონომიკური საჭიროებების შემსუბუქებაზე და სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობისთვის სოციალური სამართლისა და უსაფრთხოების გაზრდაზე. ჩვენი კვლევა მოიცავს ყველაზე ღარიბ რეგიონებში სიღარიბის ძირითადი მიზეზების ანალიზს. მოგვიანებით ეს კვლევა წარმოდგენილი იქნა საქართველოში სიღარიბის შესახებ გამართულ კონფერენციაზეც.
კვლევის საფუძველზე, ჩვენ გამოვყავით ოთხი ძირითადი დარგი, სადაც მიზნის მისაღწევად მოქმედება ყველაზე გამართლებული იქნებოდა. ეს ოთხი დარგია:
• მმართველობა
• სამოქალაქო სექტორი და ჩართულობა
• კონფლიქტის პრევენცია და უსაფრთხოება
• ბაზრის კავშირები და ბაზრის მხარდაჭერა
მმართველობის განხილვისას ანალიზმა მოიცვა ორი ძირითადი საკითხი. პირველ რიგში ჩვენ გამოვყავით ის ფაქტი, რომ ცენტრალურ მთავრობას სოფლის მეურნეობა არ მიაჩნია პრიორიტეტულ დარგად, რადგან სოფლის მეურნეობის 2010 წლის ბიუჯეტი საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 1%-საც არ შეადგენს. მეორე საკითხია ის, რომ ადგილობრივ დონეზე მართვის დაგეგმარება და სერვისების მიწოდება ძალიან მცირე დოზით ხდება.
სამოქალაქო ჩართულობის შესახებ თავში, ჩვენ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ თბილისის გარეთ მომუშავე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, როგორც წესი, უცხოური დაფინანსების გარეშე დამოუკიდებლად ვერ არსებობენ. ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირება, ადგილობრივი რესურსების მართვა, განახორციელონ გარკვეული სერვისები და შეასრულონ კომუნიკაციის და სწავლების ცენტრის ფუნქცია. გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ადგილობრივ დონეზე არ არსებობენ სათემო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ, მაგალითად, ირიგაციის და მიწების კოლექტიური მართვის ან კოლექტიური ყიდვა-გაყიდვის განვითარებას. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ახალი გამოცდილებების და ცოდნის გაზიარების დაბალი დონე კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ახალი მეთოდების გავრცელებას.
დაუცველობა ჩვენ ცალკე საკითხად განვიხილეთ, რადგან ის ასუსტებს ზრდას და ხელს უწყობს სიღარიბეს. ღარიბები მუდმივად დაუცველები არიან, რადგან მათთვის სამომხმარებლო საჭიროებებში მცირე ზრდა ან შემოსავლის შემცირება შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით ¼ სიღარიბეში ცხოვრობს, მაგრამ კიდევ ამდენივე ოჯახი მოწყვლად მდგომარეობაშია, სადაც ავადმყოფობა, სხვადასხვა სახის დაზიანება, მოუსავლიანობა ან მოკლევადიანი უმუშევრობა შეიძლება სიღარიბის მახეში გაბმის მიზეზად იქცეს, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია.
ამასთანავე ჩვენ მიმოვიხილეთ განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფები, როგორებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები, ეთნიკური უმცირესობები და მიუწვდომელ სოფლებში მოსახლეობა.
ანალიზში ასევე განვიხილეთ ბაზრის ის ტიპები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ სოფლის მოსახლეობას. ჩვენ მიმოვიხილეთ მარცვლეულის, სასუქის ბაზრები და სხვადასხვა სერვისები. ეს ყველაფერი მართლაც საჭიროა, თუმცა არ არის საკმარისი მოსახლეობისათვის. შემდეგ ჩვენ განვსაზღვრეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესაძლო სამიზნე ბაზრის ტიპები. ადილობრივი და საერთაშორისო ბაზრების შედარებით, უფრო ზუსტად კი იმპორტისა და ექსპორტის მიმოხილვისას აშკარა ხდება, რომ ექსპორტზე ორიენტირებულ სტრატეგიას არა მხოლოდ ნაკლები შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებას, ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაეხმაროს მცირე ფერმერებს.
სიტუაციური ანალიზის საფუძვლებიდან და სიღარიბის ძირითადი მიზეზებიდან გამომდინარე ქეა საერთაშორისომ კავკასიაში განავითარა კოზალური ცვლილებების მიმოხილვა, რომელიც საჭირო იქნება ოთხივე ზემოთ ჩამოთვლილი დარგისთვის. ამ მიმოხილვის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის და დაუცველობის შემცირებას და სოციალური სამართლიანობის გაზრდას საქართველოს ღარიბ სოფლებში. ამ კოზალური ხედვის მიზანია იმ გზების წარმოჩენა, რომელთა მეშვეობითაც ქეა საერთაშორისოს წარმოუდგენია განვითარება თითოეული მიმართულებით. ეს ასევე მოიცავს იმ გადამწყვეტ ნაბიჯებს, რომლების განხორციელებაც გამოიწვევს გრძელვადიან თვისებრივ ცვლილებებს.
ქეა საერთაშორისოს პროგრამული დოკუმენტი 2010 (ინგლისურად)
GeoWel-ის სიღარიბის პროექტის პრეზენტაცია და შენიშვნები (ინგლისურად)