თამარ ბურდული, ჯეოველ რისერჩის უფროსი მკვლევარი
სასკოლო განათლების შესახებ სტატიების სერიაში ჩვენ ვცადეთ, მოკლედ აღგვეწერა ის მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები, რაც საქართველოს სასკოლო სისტემამ უკანასკნელ წლებში განიცადა. გაუმჯობესდა სკოლების ინფრასტრუქტურა, გადამზადდნენ მასწავლებლები, იმატა მათმა ანაზღაურებამაც და, ასევე, არათანაბარი პირობების მქონე მოსწავლეების აკადემიური შედეგების გაუმჯობესების გარკვეულ მცდელობებსაც ჰქონდა ადგილი. 2008 წლიდან განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 457 მილიონი ლარიდან 1.7 მილიარდ ლარამდე, ანუ 3.8-ჯერ გაიზარდა, რაც საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა უმრავლესობისთვის განათლების ხარისხზე დადებითად აისახა.
თუმცა „განათლების ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი მნიშნელოვან სფეროს, რომელიც სასკოლო განათლების რეფორმის და პოლიტიკის დაგეგმვის მნიშვნელოვან ნაკლებობას განიცდის, მოსწავლეთა კვება წარმოადგენს.
ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს სკოლები არ არიან ვალდებულნი, უზრუნველყონ მოსწავლეთა, მათ შორის – სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა კვება. არსებობს გაიდლაინები სკოლებში საკვების მიწოდების შესახებ, თუმცა სკოლები არ არიან ვალდებულნი, უზრუნველყონ კვება, ან ჰქონდეთ ე.წ. ბუფეტი, კაფეტერია, თუ კვების ბლოკი. საქართველოს სკოლების სამ მეოთხედს ბუფეტი არ აქვს, რის შედეგადაც ბავშვები იძულებულნი ხდებიან, სახლიდან მოიტანონ საკვები, ან, უმეტესწილად, სკოლასთან ახლოს მდებარე მაღაზიებში იყიდონ დაბალხარისხიანი და არაჯანსაღი საკვები. ღარიბი ოჯახების ბავშვებისთვის კი ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხშირად დღის განმავლობაში შიმშილი უწევთ.
სკოლის რეფორმის სხვა მრავალი ასპექტის მსგავსად, სასკოლო კვება თითქმის სრულიად უგულვებელყოფილია განათლების შესახებ საჯარო დისკუსიაში. მართლაც, ეს საკითხი აქტუალური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სკოლის კვების ბლოკები – კერძო პირები, რომლებიც სივრცეს სკოლისგან იჯარით იღებენ და სწორი კვების შესახებ სამინისტროს მიერ გადამზადებულნი არიან – გაფუჭებულ საკვებს ყიდიან და ბავშვები იწამლებიან – რაც, რა თქმა უნდა, საშინელი მოვლენაა, მაგრამ, ამავდროულად ფარავს უფრო დიდ პრობლემას – რომ ბევრი ბავშვი საქართველოში სასკოლო დროის განმავლობაში არ იღებს იმ საკვებს, რომელიც მას სჭირდება. და ეს ასეა მუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი კვლევა იმის შესახებ, რომ სწორ და სათანადო კვებას მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ ბავშვების სწავლის უნარებზე და ასევე მიუხედავად იმისა, რომ სკოლები იდეალურ გარემოს წარმოადგენენ ბავშვებისა და მოზარდების ჯანსაღი კვების უნარების ჩამოყალიბებისთვის და წახალისებისთვის.
საქართველოში არსებულ საჯარო სკოლათა სამ მეოთხედს (74%) კაფეტერია არ აქვს. ბუფეტიანი სკოლების მეოთხედი მოსწავლეთა დაახლოებით მეოთხედს კვებავს, მდებარეობენ რა უმეტესად ურბანულ დასახლებებში, სადაც საქართველოს მოსწავლეთა დიდი ნაწილია კონცენტრირებული. მიუხედავად ამისა, სკოლის კაფეტერიების მასიური არარსებობა ბევრ ბავშვს დღიური კვების თვალსაზრისით რთულ სიტუაციაში ტოვებს. უბუფეტო სკოლებში ბავშვებს სახლიდან მოაქვთ სადილი, ან ახლოს მდებარე მაღაზიას, საცხობს, თუ ქუჩის დახლს სტუმრობენ. ასეთი საცხობები, მაღაზიები და გამყიდველები ძირითადად ცომეულს და ხემსს ყიდიან, რაც არღვევს ბავშვთა სწორი კვების პროცესს.
„სოფლის სკოლაში ვასწავლი. დიდი ხანია ამ სკოლას არ აქვს ბუფეტი. დილიდან საღამომდე ბავშვს კვება სჭირდება. ზოგი ახერხებს, ოჯახიდან წამოიღოს რაღაც, ზოგი ვერ ახერხებს. ამიტომ ჩვენ, მასწავლებლები იძულებულები ვართ, რომ ბავშვებს რამე გავუხერხოთ. მაღაზია სკოლის მეორე მხარეს არის. გვიწევს, გავყვეთ, ვაყიდინოთ რაღაც და დავბრუნდეთ. შუალედში მოაკითხავს ზოგს მშობელი და მოაქვს, მაგრამ არა ყველას. ჩემს პირად გამოცდილებაზე გეუბნებით, ჩვენთან მაღაზიაში ნორმალური საკვები არ იყიდება, უფრო დაფასოებული სასუსნავები, ასე რომ ვთქვათ, და ბავშვებიც ამაზე გადადიან, ჯანსაღი არ არის ის პროდუქტი, რასაც ისინი ყიდულობენ, მარა სხვა არჩევანი არ აქვთ.“ – ამბობს მასწავლებელი ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან.
2018-2019 წლებში საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის შეფასება განხორციელდა. სამწუხაროდ, სკოლების აღწერა არ მოიცავდა სკოლების კაფეტერიის შეფასებას. თუმცა, ბაზაში მოცემულია ინფორმაცია სკოლის ბუფეტში არსებული წყლის მიწოდების სისტემის შესახებ, რაც შეგვიძლია სკოლაში კაფეტერიის არსებობის მაჩვენებლად ჩავთვალოთ. ამ ბაზის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების მხოლოდ 21%-ის ბუფეტებს გააჩნიათ წყლის მიწოდების სისტემა. ეს მაჩვენებელი შესაბამისობაშია 2019 წლის ზემოთ მოცემულ მაჩვენებელთან. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ბუფეტების 3%-სთვის შეუძლებელია ადგილზე საკვების მომზადება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ წყლის მიწოდების სისტემა. გარდა ამისა, საგანგაშოა სკოლის არსებული კაფეტერიების წყლის მიწოდების სისტემების მდგომარეობა. მათი მხოლოდ 46% არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, 46% – ცუდ მდგომარეობაშია, ხოლო 7% კი – დაზიანებულია და საჭიროებს ჩანაცვლებას.
ამ საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა: 2015 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა არასავალდებულო ეროვნული რეკომენდაციების პაკეტი სახელწოდებით „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“, რომელმაც სკოლაში კვების სტანდარტები გამოკვეთა და აკრძალა ხემსების გაყიდვა სკოლებში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბავშვის ყოველდღიური კვებითი რაციონი საჭიროა, მოიცავდეს საკვებს ოთხი ჯგუფიდან: 1) ხილი და ბოსტნეული, 2) მარცვლოვნები და ბურღულეული, 3) რძე და რძის ნაწარმი და 4) საქონლის მჭლე ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ნიგოზი, პარკოსნები. დოკუმენტი ასევე აღწერს ჯანსაღ ხემსს, მნიშვნელოვან მინერალებს და ვიტამინებს და შესაბამისი საკვების ტიპებს, ასევე, გვაწვდის ზოგად რეკომენდაციებს საკვების შენახვისა და მომზადების შესახებ და გვიჩვენებს ერთკვირიანი სასკოლო მენიუს ნიმუშს.

წყარო: ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. (2015).
რეკომენდაციების პაკეტი 2017 წელს ოფიციალურად დაამტკიცა განათლების სამინისტრომ, რომელმაც ასევე პასუხისმგებლობა აიღო აღსრულების მონიტორინგზე. ამ რეკომენდაციების ფარგლებში, სამინისტრომ აკრძალა საღეჭი რეზინის, კანფეტის, შოკოლადის და საკვები დანამატებით გამდიდრებული ხემსის, როგორიცაა ჩიფსი, ჟელიბონი და ა.შ., მაიონეზის და სოკოს, კონსერვების, კრემიანი ნამცხვრების და ტორტების, გაზიანი სასმელების (გარდა მინერალური წყლისა) და არათერმულად დამუშავებული კვერცხის და მათი შემცველი საკვების გაყიდვა.
დამატებით, 2017 წელს სასკოლო კვებაზე პასუხისმგებელი პირები გადამზადდნენ ჯანსაღი კვების პრინციპებისა და აუცილებლად გასათვალისწინებელ სანიტარულ ნორმების შესახებ. თუმცა, აღნიშნული ბრძანების და რეკომენდაციების პაკეტის დამტკიცებას მტკიცე აღსრულება არ მოჰყოლია. განათლების ექსპერტის რევაზ აფხაზავას მიხედვით, ეს რეკომენდაციები გამოიცა სასკოლო კვების სტრატეგიის, ხედვის და პოლიტიკის გარეშე.
სკოლების ის 26%-ც კი, რომელთაც საკვები სივრცე გააჩნიათ, არ მისდევენ აღნიშნულ რეკომენდაციებს. მაგალითად, 2019 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 80 კვების ბლოკი შეამოწმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზა არ იძლევა ინფორმაციას ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ტიპის შესახებ, თუმცა იგი აჩვენებს, რომ 59 სკოლაში განმეორებითი ვიზიტი განხორციელდა, რაც გულისხმობს, რომ სკოლების დაახლოებით 74%-ს დასჭირდა, კვებით ბლოკში არსებული მდგომარეობა გამოესწორებინა. მაგალითად, 2019 წელს ბათუმის ხუთი სკოლა დაჯარიმდა ბუფეტში მოწოდებული საკვების ეტიკეტირების და, შესაბამისად, პროდუქტის მოხმარების დაშვებული ვადების ეტიკეტზე არდატანის გამო.
ჩვენი რესპონდენტი მასწავლებლების მიხედვით, სახელმწიფოს (სურსათის ეროვნული სააგენტოს) ინსპექტორები, ძირითადად, კვების ბლოკის სისუფთავეს და გასაყიდი პროდუქტის ეტიკეტირებას ამოწმებენ, ხოლო საკვების ხარისხს – არა. როგორც ამბობენ, ასევე არის შემთხვევები, როდესაც აკრძალული პროდუქცია ინსპექციის წინ ბუფეტის დახლებიდან „ქრება“. ასევე ამბობენ, რომ მოსწავლეთათვის აკრძალული პროდუქტი „ოფიციალურად“ მხოლოდ მასწავლებლებზე იყიდება.
შესაბამისად, მიუხედავად ბუფეტის არსებობისა, შემოთავაზებული საკვები იშვიათად არის ჯანსაღი და ძირითადად მოიცავს ხემსს, როგორიცაა შოკოლადი და კარტოფილის ჩიფსი, დაბალხარისხიან ცომეულს და გაზიან სასმელს. მოსწავლეები დაბალი სოციო-ეკონომიკური ფენიდან განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში არიან, ვინაიდან მათთვის ხშირად შეუძლებელია ასეთი ხემსის, ან სახამებლის შემცველი საკვების ყიდვაც კი „და მშიერი ბავშვი უყურებს, სხვა როგორ მიირთმევს [საკვებს] და ეს უფრო რთული და მძიმე სიტუაციაა [ვიდრე ბუფეტში ჯანსაღი საკვების არარსებობა],“ – ღელავს მასწავლებელი ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან.
„ჩვენს სკოლაში იყო ბუფეტი პანდემიამდე, მაგრამ ბუფეტში არ იყიდება ჯანსაღი საკვები, საკონდიტრო მარტო, ლობიანი, ხაჭაპური. სულ ვამბობთ, რომ ახალი სკოლის მოდელს ა.შ. რეფორმებს აზრი არ აქვს, თუ სულ მინიმუმ მაინც უფასო საკვები არ იქნება. ამდენი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში, მინიმუმ რაც სკოლას შეუძლია მისცეს, არის საკვები. სკოლას აქვს საშუალება, შეავსოს ეს. მშიერ კუჭზე ტრიგონომეტრიის სწავლება ცოტა გაუმართლებელია, ჩემი აზრით. ყველაზე მთავარი პრობლემა განათლების სისტემის, მგონი, არის ეს, რომ მოსწავლეები მშივრები არიან,“ – გვითხრა მასწავლებელმა რუსთავიდან. „და დასვენება მხოლოდ ათი წუთია, სახლიდან რომც ჰქონდეს წამოღებული საჭმელი, შეიძლება ათწუთიან დასვენებაზე ვერც მოასწროს ჭამა. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი განათლების სისტემის.“
ზოგიერთი მასწავლებლის მიხედვით, არსებული ბუფეტები ნელ-ნელა ხემსის და სასუსნავების მაღაზიებად იქცევა, ვიდრე კაფეტერიებად, იკავებენ რა ძალიან მცირე სივრცეს განახლებულ სკოლებში. „უპირატესობა არ ენიჭება საკვებს. წახემსებისათვის არის. იმისთვის უფრო არის, რომ ვინმეს გული არ შეუწუხდეს. ყველა ვერ ახერხებს [საკვების] ყიდვას, ერთად რომ მიაწყდება ხუთ და ათწუთიან დასვენებაზე ამდენი ბავშვი. ბუფეტები ძალიან პატარა სივრცეშია და ვერ ახერხებენ ადგილზე ჭამას, დერეფნებში დგანან და ისე ჭამენ. მერე ზარი ირეკება, აცდი საკვების დასრულებას. ათი წუთი კართან დგანან, რომ დაასრულონ საკვების მიღება და ესეც პრობლემაა ზოგადად. ჩვენთვისაც პრობლემაა, მასწავლებლებისთვის და ბავშვებისთვისაც პრობლემაა, ყველას უნდა მიიღოს [საკვები] და ჩქარ-ჩქარა უწევთ,“ – ამბობს კიდევ ერთი მასწავლებელი ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან.
ბავშვთა კვების გლობალური ფონდის 2019 წლის გამოკითხვის მიხედვით, დაბალი და მაღალშემოსავლიანი ქვეყნები სასკოლო კვების უზრუნველყოფის ფართომასშტაბიანი პროგრამებით საშუალოდ მოსწავლეთა სრული რაოდენობის 17%-ს და 37%-ს ფარავენ, შესაბამისად. ეს მაჩვენებელი ოდნავ მაღალია დაბალშემოსავლიანი ქვეყნების დაწყებით სკოლებში – 20%-ს ოდნავ აჭარბებს. საკვების უზრუნველყოფის პროგრამის მქონე ქვეყანათა (სულ 85 ქვეყანა) უმრავლესობა – 88% ბენეფიციარებს საკვებს სკოლების მეშვეობით აწოდებს.
მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ერთი ტიპური სასკოლო კვება დაახლოებით ორი ფუნტი (8.6 ლარი) ღირს, რასაც, როგორც წესი, მშობელი წინასწარ, ონლაინ იხდის. საკვები მოიცავს ძირითად კერძს, რომელიც შეიცავს ხილს და ბოსტნეულს, პროტეინს (მაგალითად, ხორცი, თევზი, ყველი) და ნახშირწყლებს (მაგალითად, ბრინჯი, პასტა), დესერტს და სასმელს. არსებობს საკვების მომზადების წესები, მაგალითად, დაწესებულია შემწვარი საკვების რაოდენობის ლიმიტი. დამატებით, ბავშვებს შეუძლიათ, მიიღონ უფასო სასკოლო კვება, თუ მათი ოჯახის წლიური შემოსავალი შეღავათების გარეშე 7 400 ფუნტზე (დაახლოებით 32 000 ლარი) ნაკლებია, ან თუ ოჯახის წევრები გარკვეულ შემწეობას იღებენ – ზღვარი, რომლის მიხედვითაც 2021 წლის იანვარში ინგლისში ყოველი ხუთი სასკოლო ასაკის ბავშვიდან (სულ 1,7 მილიონი) ერთზე მეტს ეკუთვნოდა უფასო კვება.
ამავდროულად, საქართველოში ბავშვები სოციო-ეკონომიკურად გაჭირვებული ოჯახებიდან სასკოლო დღის განმავლობაში უმეტესად საკვების გარეშე რჩებიან.
„სოციალური უთანასწორობა ყველაზე კარგად ჩანდა ამ კვების პროცესში,“ – ამბობს მასწავლებელი ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან. „იმიტომ, რომ იყვნენ ბავშვები, რომელთაც საერთოდ არ მოჰქონდათ საკვები და იყვნენ ბავშვები, რომელთაც რაც შეიძლება, რომ წამოეღოთ, ყველაფერი მოჰქონდათ.“
ბუფეტის უმთავრესი პრობლემა, როგორც ჩანს, ჯანსაღი საკვების უზრუნველყოფის ფინანსური არამიმზიდველობაა, როგორც შიდა ქართლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღგვიწერა.
„[ბუფეტს] იჯარა რომ გადაეხადა, მოგება არ რჩებოდა ჯანსაღი საკვებით, წამგებიან პოზიციაზე იყო. თან ბავშვებს უყვართ ჩიფსი, ბურბუშელა, კოკა-კოლა, არაჯანსაღი საკვები, ანუ რომც არ გქონდეს ესენი [ბუფეტში], [მოსწავლეები] გადიან [სკოლის გარეთ] და ყიდულობენ.“
იმისათვის, რომ კვების ბლოკის ოპერატორისთვის მომგებიანი იყოს ჯანსაღი საკვების მიწოდება, ფასმა ხარჯი უნდა ასახოს – ფასი, რომელსაც ბევრი მოსწავლის ოჯახი ვერ გადაიხდის, ხოლო სახელმწიფო კი – არ ზრუნავს მის დაფარვაზე. შესაბამისად, ბავშვებს უყალიბდებათ არაჯანსაღი კვების ჩვევები, რომელთა ზრდასრულობაში შეცვლა შესაძლოა, რთული იყოს და გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
„სკოლების მეშვეობით ჯანსაღი კვებითი რაციონისა და ნუტრიციის ხელშეწყობას შეუძლია, გააუმჯობესოს მოსწავლეებისა და მათი ოჯახების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, რისი სარგებელიც სცილდება საკლასო ოთახებს და ვრცელდება ოჯახებს გარეთაც, საზოგადოებაში,“ წერს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). მრავალი კვლევა ადასტურებს დადებით კავშირს საუზმეს და სადილს და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის. მაგალითად, კალიფორნიის შტატის ყველა საჯარო სკოლაში 2008-2013 წლებში ჩატარებული ლონგიტუდურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები, რომლებიც ჯანსაღი სასკოლო სადილით იკვებებიან, მეტად მაღალ ქულებს ღებულობდნენ კალიფორნიის შტატის ერთიან გამოცდებში, ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც სასკოლო სადილს შეღავათიან ფასად ან უფასოდ იღებდნენ, ქულებს მეტად აუმჯობესებდნენ.
დამატებით, 2010-2013 წლებში განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა დადებითი კავშირი უფასო საკვების მიღებასა და გაუმჯობესებულ აკადემიურ მოსწრებას შორის როგორც ღარიბი, ასევე არაღარიბი მოსწავლეებისთვის. სკოლის კვებაში მზარდი მონაწილეობა კორელაციაში იყო გაუმჯობესებულ აკადემიურ მოსწრებასთან.
შესაბამისად, ქვეყანაში, სადაც ბავშვების 26% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, საჭიროა, სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს სკოლის მოსწავლეებისთვის ადგილზე შეთავაზებულ საკვებს, შეიმუშაოს კვებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი სტრატეგია და სასკოლო კვების ბიუჯეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, ასევე, უზრუნველყოს 2017 წელს მიღებული გაიდლაინების წახალისება, აღსრულება და მონიტორინგი. ეს ასევე გულისხმობს სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-შენარჩუნებასაც – ბუფეტის სივრცის და წყალმომარაგების სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას.
სტატია გამოქვეყნდა Civil.ge-ზე.
წინამდებარე სტატია შემუშავდა „საქართველოს განათლების ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ავტორის მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შედეგები და დასკვნები შესაძლოა, არ ასახავდეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ან Civil.ge-ს პოზიციას.