NDI–ს კვლევის შედეგების თანახმად არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა 37% ამბობს, რომ ხმას ნაციონალურ მოძრაობას მისცემს, ხოლო 12%-ს ხმის მიცემა ქართული ოცნებისთვის აქვს გადაწყვეტილი. გვაძლევს თუ არა ეს მონაცემები რაიმე მინიშნებას არჩევნების შესაძლო შედეგებზე და თუ გვაძლევს, რა მინიშნებებია ეს?
ცხადია, არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს, განსაკუთრებით თვითონ NDI-ში, აზრად არ მოუვა ამტკიცოს, რომ ქართული ოცნება საერთო ეროვნულ არჩევნებში ხმების მხოლოდ 12%–ს მოიპოვებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გამოკითხვა უნდა უგულებელვყოთ.
გამოკითხულთა 22%–მა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, 21%–მა კი პასუხზე უარი თქვა. ამდენად, პროგნოზების გაკეთების ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში ვარაუდის დონეზე უნდა განვსაზღვროთ, თუ ვის სასარგებლოდ გადათამაშდება ეს ხმები. მათი გადანაწილება რამდენიმე ხერხით შეიძლება.
პირველ რიგში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი ეს 43 % პროპორციულად ისევე გადანაწილდება, როგორც დანარჩენი ამომრჩევლების ხმები.ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ ოცნებასა და დანარჩენებს შორის შეფარდება დაახლოებით ასე გამოიყურება: 37:12:8. აქედან გამომდინარე, მარტივი მათემატიკური გადანაწილებით გამოდის, რომ საბოლოოდ 65%–ს ნაციონალური მოძრაობა მიიღებს, 21%–ს ქართული ოცნება, დანარჩენები კი 14%–ს. რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისათვის ეს ძალიან ცუდი შედეგი იქნება.
მაგრამ არის თუ არა ასეთი მიდგომა რაციონალური? ბევრს მიაჩნია, რომ იმ ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა, რომლებმაც პასუხზე უარი თქვეს, ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. სხვა შემთხვევაში, კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი რატომ უნდა შეეკავებინათ? ეს განსაკუთრებით რაციონალურ აზრია იმის გათვალისწინებით, რომ იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვინც არ იცის ვის აძლევს ხმას ან პასუხზე უარს ამბობს, 20%-ით მეტია, ვიდრე სხვა კვლევების უმრავლესობაში; ასევე იმიტომ, რომ ამ კვლევაში ნაციონალურ მოძრაობას პროპორციულად ბევრად მეტი ხმა აქვს ვიდრე ყველა სხვა კვლევაში.
თუ ასეა და იმ 21%–ს, ვინც პასუხზე უარი თქვა, მთლიანად ოპოზიციას მივაწერთ, შემდეგ კი დარჩენილი ხმების გადანაწილების მარტივ ხერხს გამოვიყენებთ, ნაციონალური მოძრაობა 47%–ს მიიღებს, ქართული ოცნება – 31%–ს, დანარჩენები კი – 19%–ს.
მესამე – ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოდ, რომ ორივე ჯგუფი – ამომრჩეველი, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა ვის აძლევს ხმას და რომელმაც უარი თქვა პასუხზე ოპოზიციის მომხრეა. ასეც რომ იყოს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ქართული ოცნება დამატებით 43%-ს მიიღებდა, რადგან NDI-ს კვლევაში 8% სხვა კატეგორიებზე განაწილდა. ასე რომ. საბოლოო დათვლით, 43%-ის შესაბამისი პროპორციებით გადანაწილებისას ქართული ოცნება მთლიანი რაოდენობის 38%-ს მიიღებდა.
დაბოლოს, თუ დავუშვებთ, რომ ყველა, ვინც განაცხადა, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას, და პასუხზე უარი თქვა, რეალობაში ქართული ოცნების (და არა ზოგადად ოპოზიციის) ფარული მხარდამჭერია, ის ხმების 55%–ს დააგროვებს.
როგორ შეიძლება ამ სავარაუდო ვარიანტების გაანალიზება? NDI ს გამოკითხვაში მონაცემების კიდევ ორი წყებაა, რომლებიც, როგორც ჩანს, საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ, ხსენებული სცენარებიდან რომელია უფრო სწორი. დავიწყოთ NDI–ს წინა გამოკითხვების შედეგებით და გავარკვიოთ, როგორ შეიცვალა მონაცემები მათ შესახებ, ვინც კითხვაზე “არ იცოდა“ ან „პასუხზე უარი“ განაცხადა.
NDI–ს გვერდიგვერდ მოჰყავს ახალი და წინა გამოკითხვების – 2010 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საკრებულოების არჩევნებისა და იმავე წლის თბილისის მერის არჩევნების შედეგები.
საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში, 19%–ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, 10%–მა კი პასუხზე უარი განაცხადა.როგორც გამოჩნდა, არჩევნების დღეს, ეს 29% მიახლოებით პროპორციულად გადანაწილდა, ისე როგორც ეს კვლევაში იყო. თუ საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ამ ლოგიკას გავყვებით, შედეგებს პირველი სცენარის მიხედვით მივიღებთ, ანუ ნაციონალურ მოძრაობას – 65%, ხოლო ქართულ ოცნებას – 21% ექნება.
მერის არჩევნებამდე პასუხზე უარი მხოლოდ 6%–მათქვა, 14%–ს კი გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, თუმცა, ამ შემთხვევაში,არჩევნების დღეს, ამ 20%–მა თითქმის მთლიანად ოპოზიციას მისცა ხმა. როგორც ალასანიამ აღნიშნა კიდეც, გამოკითხვის შედეგად მასხმების 7% ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში 19% აიღო.ჭანტურიას გამოკითხვებით 4% ჰქონდა, არჩევნებში კი 11% მოიპოვა, ხოლო ძიძიგურის შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 2% და 8% იყო. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ თბილისის მერის არჩევნებში გადასანაწილებელი ხმების რაოდენობა დიდი არ იყო და გამარჯვებულის გამოვლენაზე გავლენას ვერ იქონიებდა, მაგრამ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც ანალოგიური რამ მოხდა, უფრო ახლოს ვიქნებით მესამე ან მეოთხე სცენართან, ქართული ოცნების შესაძლო გამარჯვებას მივიღებთ (მაჟორიტარული არჩევნების გაუთვალისწინებლად).
ამდენად, წინა გამოკითხვების შედეგები, როგორც ჩანს, ვერ გვიშველის.
გაურკვეველი ხმების გადანაწილების კიდევ ერთი საშუალება ამ პირების მიერ სხვა შეკითხვებზე გაცემული პასუხებია. NDI–ს კვლევაში გვაქვს კითხვები, რომელთა მიზანი იმის გარკვევაა, თუ რამდენად კმაყოფილი არიან რესპონდენტები. კითხვაზე “სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა თუ არა?” მათი 39%, ვისაც ამა თუ იმ პარტიისათვის ხმის მიცემა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, და მათი 37%, ვინც „პასუხზე უარი თქვა“, ამ შეკითხვაზე პასუხობს, რომ “ამ მხრივ არაფერი შეცვლილა” ან “ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის”. კითხვაზე “ატარებს თუ არა მთავრობა თქვენ თვის მნიშვნელოვან ც ვლილებებს?” პირველი ჯგუფიდან 33%, ხოლო მეორედან 34% უარყოფით პასუხს იძლევა.
ეს მიდგომა გაურკვეველი ხმების გადანაწილების კარგი საშუალება უნდა იყოს, რადგან ნაციონალური მოძრაობის მომხრეების დიდი უმრავლესობა ორივე შეკითხვაზე დადებით პასუხს უნდა იძლეოდეს, ქართული ოცნებისა კი – უარყოფითს. თუ ეს მიდგომა სწორია, ისევ პირველ სცენართან მივდივართ, რადგან მის შემთხვევაში გაურკვეველი ხმების 1/3 ოპოზიციის მომხრეებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა დიდი უპირატესობით იმარჯვებს.
ეს ყველაფერი ოპოზიციისათვის კარგ სარაფერს მოასწავებს. უმრავლესობით გამარჯვება რომ შეძლოს, ოპოზიციამ ორივე ჯგუფის სრული მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის 50-70% მთავრობისა და ქვეყნის კურსს ზოგადად იწონებს.
თუმცა, ამ მონაცემებს შეიძლება სხვაგვარად, ოპოზიციისათვის უფრო ოპტიმისტურადაც შევხედოთ. არჩევნებამდე კიდევ ორი კვირაა დარჩენილი, ქართულ პოლიტიკაში კი ეს დიდი დროა. თუ ვივარაუდებთ, რომ ამომრჩევლების 43%–ს ჯერ ნამდვილად ვერ გადაუწყვეტია, ხმა ვის მისცეს, საარჩევნო კამპანია უაღრესად დიდ მნიშვნელობას შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩამორჩენის მიუხედავად, ოპოზიციას გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ აქვს.
თუ კი ეს შანსი რეალურია, მის გამოსაყენებლად ოპოზიციამ გამო კითხვების შედეგებს ყურადღება უნდა მიაქციოს და ამომრჩეველს მათი გათვალისწინებით ელაპარაკოს. გამოკითხვების იგნორირება იმიტომ, რომ მათი შედეგები არ მოგწონს, სწორი არ არის. გამოკითხვები ოპოზიციას ნამდვილად აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა მთავრობის საქმიანობითა და ქვეყნის კურსით ძირითადად კმაყოფილია, თუმცა მათი მეშვეობით ისიც ნათელი ხდება, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა მერაბიშვილის თუ ივანიშვილის მიერ დასახული ეკონომიკური გეგმების შესახებ არაფერი იცის (თუმცა შედარებით ბევრად ნაკლებმა იცის ივანიშვილის გეგმების შესახებ). გამოკითხვები ასევე გვიჩვენებს, რომ პოლიტიკის ზოგ სფეროში მთავრობა და ოპოზიცია მეტ–ნაკლებად თანაბარი ნდობით სარგებლობს.
ოპოზიცია გამოკითხვებს მეტ ყურადღებას რომ აქცევდეს, უფრო წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება მიეცემოდა და შესაძლოა, მოყოყმანე ამომრჩევლების მიმხრობაც კი მოეხერხებინა. გამოკითხვების იგნორირება მხოლოდ იმის გამო, რომ მათი შედეგები არ მოგწონს, საქმეს ალბათ ვერ უშველის.