საქართველოს სამუშაო ძალის 53% სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, რაც ამ სექტორის მნიშვნელობის ნათელი ილუსტრაციაა. მიუხედავად ამისა, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ბოლო პერიოდს, სოფლის მეურნეობა არც მთავრობის და არც კერძო ინვესტიციების მთავარ სამიზნეს არ წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ტენდენცია დრამატულად შემოტრიალდა და მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ დიდი ხნის მივიწყებული სექტორის აღსადგენად.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კოტე კობახიძემ აღნიშნა, მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია. ვარდების რევოლუციის შემდეგ ესაა პირველი შემთხვევა, რომ მთავრობას ამ ტიპის სტრატეგია გააჩნია. ამჟამად აღნიშნული სტრატეგიას დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები განიხილავენ.
ამავდროულად, საკმაოდ შთამბეჭდავად იცვლება რიცხვებიც. 2010 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 30,6 მილიონს შეადგენდა. 2012 წლის ბოლოსთვის ეს თანხა თითქმის 4-ჯერ გაიზრდება და, ბიუჯეტის უკანასკნელი პროექტის, მიხედვით 120 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ბიუჯეტის დიდი ნაწილი „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციასა“ (GAC) და მის ხუთ ქვემდებარე სუბიექტზე მოდის . ამჟამად,“ სოფლის მეურნეობის კორპორაციას“ აფინანსებს ცოტა ხნის წინ დაარსებული „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ (ADF), რომელიც ექვემდებარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ამავდროულად, სოფლის მეურნეობის კორპორაციას“ შეუძლია დაფინანსება მიიღოს საკუთარი შემოსავლის წყაროებიდან, გრანტებიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციას“ დირექტორთა საბჭო მართავს, რომელიც მთავრობის სხვადასხვა მინისტრებით არის დაკომპლექტებული. როგორც გენერალური დირექტორი, გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, კორპორაციის მთავარი მიზანია ქვეყანაში კომერციული სოფლის მეურნეობის გაზრდა და არსებული წარმოების სტრუქტურის შეცვლა, სადაც მცირეა დანახარჯი, მაგრამ ასევე მცირეა წარმოების მოცულობა. ამგვარად, ფერმერებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო მასალები, როგორიცაა თესლი, პესტიციდები და სასუქი. ასევე, სხვადასხვა პროექტების საშუალებით, მათ ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები მიეწოდებათ.
მაგალითად, ამჟამად ორგანიზაცია 7-8 მილიონ ლარს დებს სადემონსტრაციო პროგრამაში, რომელიც მთლიანად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და რომელმაც უნდა მოიცვას 450-დან 500 ჰექტარამდე მიწა 8 სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში. ამავდროულად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ ხელმძღვანელობით, ფერმერებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსულტაციები და გაეცნობიან ირიგაციის სისტემის სხვადასხვა ტიპებს, ასევე მათ ზემოქმედებას პროდუქციის წარმოებაზე; სხვადასხვა აგრარულ პროცედურებს დათესვისა და მოსავლის აღებისთვის, პესტიციდებისა და სასუქის დანიშნულებისამებრ გამოყენების მეთოდებს.
გამომდინარე იქედან, რომ ტექნიკის სერვის ცენტრები ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს, კორპორაცია აღნიშნულ სერვისს მობილური, მოძრავი სადგურებით უზრუნველყოფს 30-ზე მეტ მუნიციპალურ ცენტრში. ბოლო მონაცემებით,2010 წელს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ დახმარებით მოხდა 25 ათასი ჰექტარი მიწის დამუშავება, ხოლო 2011 წელს ეს მონაცემი 49 ათასამდე გაიზარდა. ადრიან გაზაფხულზე, 12 რეგიონალურ სერვის ცენტრის გახსნასთან ერთად, ამ მონაცემების მკვეთრი ზრდაა ნავარაუდევი.
ამ ყველაფერთან ერთად, ორგანიზაციის საქმიანობა წინააღმდეგობებისგან თავისუფალი ნამდვილად არ გახლავთ. „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცა“ მეტწილად ორიენტირებულია დიდ, კომერციულ ფერმებზე, ხოლო პატარა ფერმებისათვის ამ სერვისების ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდულია. მაგალითად, პროდუქციის შესანახი სათავსო/მოწყობილობები, ხარისხიანი სასუქი და ტექნიკა პროფესიულ ფერმერებზე უფროა გათვლილი მათი გადახდისუნარიანობის გამო. ეს კი, თავის მხრივ ნიშნავს, რომ მცირე ფერმერებს შესაძლოა ხელი არც კი მიუწვდებოდეთ ამ სერვისებზე, ან ცოდნა და რესურსები არ ჰყოფნიდეთ სარგებლობისათვის.
საილუსტრაციო შემთხვევა გახლავთ მთავრობის სიმინდის პროგრამა, რომელიც „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ განახორციელა გასულ წელს. მთლიანობაში, 30 000-ამდე ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში. მათ მიეცათ საშუალება იმპორტირებული, ჰიბრიდული თესლი შეესყიდათ ამერიკული კომპანიის, პიონერის კრედიტზე. როგორც „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ დირექტორი, გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, დიდმა ფერმებმა მოსავალი საშუალოდ 1,8 ტონიდან 4,6 ტონამდე გაზარდეს თითო ჰექტარზე. ხოლო პროექტში მონაწილე მცირე ფერმერებს, რომლებიც უმრავლესობას შეადგენდნენ, სერიოზული დაბრკოლებები შეექმნათ. ზოგიერთმა მათგანმა ნაკლები მოსავალი აიღო, ხოლო ზოგიერთი საერთოდ მოსავლის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამ რეგრესისა, „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ პროექტს მაინც წარმატებულად აფასებს.
სოფლის მეურნეობის წამყვანი კომპანიის „ქართლის“ წარმომადგენელმა, რობერტ რევიამ სიტუაციის შემდეგი ანალიზი წარმოადგინა: „მე არ ვიტყოდი რომ მთავრობის ეს პროექტი წარუმატებელი იყო. ხმაური იმ ხალხმა ატეხა, ვინც თავად იყო წარუმატებელი ამ პროექტში და ამ მოვლენას პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამ ადამიანების უმრავლესობას არაფერი გაუკეთებია ირიგაციის, პესტიციდებისა და სასუქების გამოყენების თვალსაზრისით“. აღსანიშნავია, რომ რობერტ რევია წარმატებულად მუშაობს პიონერთან ერთად უკვე 7 წლის განმავლობაში.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ და მთავრობა ახლა რთული დილემის წინაშე დგანან. ისინი აღიარებენ, რომ მცირე ფერმერებს „გადარჩენის“ სამართლიანი შანსი უნდა მიეცეთ გაზრდილი მხარდაჭერისა და ხელმისაწვდომი სერვისების სახით. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მცირე ფერმერებთან მუშაობა კომერციულად მომგებიანი არ არის. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობა გეგმავს ინვესტიციების წახალისებას ნახევრად-კომერციული/კომერციული ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის ბიზნესებისათვის.
მოცემული მომენტისათვის, სოფლად მცხოვრები მცირე ფერმერებისათვის დასაქმების სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რის გამოც ისინი თავს ვერ აღწევენ უკიდურეს სიღარიბეს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სერვისები და პროექტები მცირე ფერმერებისთვის შეზღუდული დარჩება, სოფლის მეურნეობის სექტორში სიტუაცია მაინც გამოსწორდება აღნიშნული პროექტების შედეგად.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რიგი სიახლეებით სარგებლობა შეეძლებათ ნახევრად კომერციულ და კომერციულ ფერმებს, ასევე, სოფლის მეურნეობის ბიზნესებს. გამოწვევად რჩება ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი, რათა ახალი სერვისებით სარგებლობა ყველა ფერმერმა შეძლოს.