
ადგილობრივი თემის წარმომადგენლები განიხილავენ ბიპის პროექტების ზეგავლენას
ცოტა ხნის წინ დავიცავი სადოქტორო სოციალური ლიცენზიის თემაზე. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება მოკლედ ავხსნა რას ნიშნავს სოციალური ლიცენზია და რატომ არის ის რელევანტური საქართველოსთვის. სოციალური ლიცენზიის ცნება ბევრს არ გაუგია საქართველოში. თუმცა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პოტენციური უარყოფითი შედეგების შესახებ ხაზს უსვამს ასეთი ცნების საჭიროებას. სოციალური ლიცენზია სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე და ბევრმა კომპანიამ დაიწყო ამის ასახვა საკუთარ დისკურსსა და ქმედებებში. ამ ბლოგ-პოსტში შევეცდები ძალიან მოკლედ და ფართო აუდიტორიისთვის გასაგებად ავხსნა რას ნიშნავს სოციალური ლიცენზია. ამის გაკეთების ერთი გზაა მიმოვიხილოთ, თუ როგორ გახდა მსოფლიოს მთავრობებისთვის, კომპანიებისა თუ მოსახლეობისთვის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხები პრიორიტეტული. სწორედ აქედან დავიწყებ:
მცირე კონტექსტი
სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, რომ სულ უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შენდება. სწრაფ ინდუსტრიალიზაციას თან სდევს ახალი ელექტრო-სადგურები, კაშხლები, პორტები და, სულაც, ახალი ქალაქები. შესაბამისად, ხშირად ხდება ბუნებრივი გარემო პირობების გაუარესება, რამაც უბიძგა ძლიერი გარემოსდაცვითი მოძრაობების ჩამოყალიბებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საპროტესტო მუხტმა პიკს 1960-იანი წლების ამერიკაში მიაღწია, რაც 1969 წელს აშშ-ს “ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის აქტის“ (NEPA – National Environmental Protection Act) მიღებით დასრულდა. გარემოსდაცვითი საქმიანობისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რის შემდეგაც აუცილებელი გახდა გარკვეული სახის პროექტების დაგეგმვისას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება. NEPA-მდელ პერიოდში, ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც წესი, მისიაზე ორიენტირებული იყო. ეს ნიშნავდა რომ, მაგალითად, ორ წერტილს შორის დამაკავშირებელ გზად ირჩევდნენ უმოკლეს ტრაექტორიას და ნაკლებად ფიქრობდნენ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე. NEPA-ს მიღების შემდეგ, მსოფლიო ბევრი ქვეყანა დაადგა იგივე გზას და გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) სტანდარტული, კანონით-განსაზღვრული მოთხოვნა გახდა. ხშირად, გზშ ასევე მოიცავს სოციალურ ნაწილსაც, თუმცა ის ხშირად გზშ-ს დოკუმენტის ძალიან მცირე ნაწილს იკავებს და არასაკმარისად დეტალურია.
სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მაგალითები შეიძლება იყოს განსახლება, ეკონომიკური ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ადგილობრივი კულტურის ცვლილება, არსებული სოციალური კავშირების შესუსტება, კეთილდღეობის განცდის გაუარესება და ბევრი სხვა რამ. სოციალური ზემოქმედების შეფასება (ან სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება) ხშირად განიმარტება, როგორც „კონკრეტული პოლიტიკის ან პროექტის მოსალოდნელი სოციალური შედეგების წინასწარ შეფასება და გათვლა.“ თუმცა, პროფესორი ფრენკ ვანკლაი გრონინგენის უნივერსიტეტიდან (ჩემი სადოქტოროს ხელმძღვანელი!) არ ეთანხმება ასეთ დეფინიციას, რადგან ის ზედმეტად არის რეგულაციებზე მიბმული. პროფესორი ვანკლაი ამტკიცებს (და სფეროს ბევრი წამყვანი მკვლევარი და პრაქტიკოსი ეთანხმება), რომ სოციალური ზემოქმედების შეფასება განგრძობადი პროცესია და არ არის მხოლოდ ერთი დოკუმენტი, რომელსაც პროექტის დაწყებამდე შექმნიან. რადგან სოციალური გარემო მუდმივად იცვლება, მნიშვნელოვანია, რომ ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხალხის გრძნობები და შეხედულებები მუდმივად იყოს გააზრებული და გათვალისწინებული. ამგვარად, სოციალური ზემოქმედების შეფასება არის „დაგეგმილი ინტერვენციების შედეგად გათვალისწინებული ან გაუთვალისწინებელი შედეგების ანალიზის და მართვის პროცესი იმ მიზნით, რომ მოხდეს უფრო მდგრადი და თანასწორი ბიოფიზიკური და ადამიანური გარემოს უზრუნველყოფა.“
სოციალური ზემოქმედების შეფასება უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება. როგორც წესი, ის სტანდარტული გზშ-ს ნაწილია და დიდი პროექტების შეფასებისას კანონით დადგენილი ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია.
სოციალური ზემოქმედების შეფასების შესახებ მეტის გაგება თუ გსურთ, ალბათ, ყველაზე კარგი იქნება თუ გაეცნობით ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (International Association for Impact Assessment – IAIA) მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს.
რა არის სოციალური ლიცენზია, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა იყო ჩემი სადოქტოროს კვლევის საგანი?
სოციალურ ზემოქმედებაზე დისკურსი იშვიათად თუ ჩაივლის სოციალური ლიცენზიის საკითხის განხილვის გარეშე. სოციალური ლიცენზიის ცნება 1990-იანი წლებში წარმოიშვა, ძირითადად, წიაღისეულის მოპოვების სექტორში, თუმცა მას შემდეგ ფაქტობრივად ყველა ტიპის ინდუსტრიას შეეხო. მარტივად რომ ვთქვათ, სოციალურ ლიცენზიას აინტერესებს თუ რამდენად და რა დონეზე ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იმ პროექტის მიღება, რომელიც მათზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს. სოციალური ლიცენზიის ცნება მნიშვნელოვანია, რადგან ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალურ როლს ანიჭებს ადგილობრივ მოსახლეობას. მიუხედავად პროექტის ზომის და მნიშვნელობისა, გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებას წონა ჰქონდეს. სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა ადასტურებს, რომ ადგილობრივი ინტერესების უგულვებელყოფა საბოლოო ჯამში, კომპანიებს ძვირი უჯდებათ.
სოციალური ლიცენზიის „მისაღებად,“ პროექტს უნდა გააჩნდეს:
ჩემი სადოქტორო დისერტაციის მიზანი იყო შემეფასებინა, თუ რამდენად რელევანტურია სოციალური ლიცენზიის ცნება არა მხოლოდ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, არამედ, ასევე ისეთი ტიპის „რბილ“ პროექტებში, როგორებსაც, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. ჩემს საკვლევ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მე განვავრცე თომსონის და ბუტილიეს მიერ შემუშავებული სოციალური ლიცენზიის მოდელი. ეს მოდელი შევამოწმე საქართველოს ორ ინფრასტრუქტურულ და ორ არასამთავრობო პროექტთან მიმართებაში. ინფრასტრუქტურული პროექტების (BP-ის ნავთობ და გაზ-სადენები და ხუდონის ჰიდროელექტროსადგური) ანალიზმა დაგვანახა, რომ არსებობს ისეთი ტიპის ქმედებები, რაც გაზრდიდა პროექტის სოციალურ ლიცენზიას. BP-ის შემთხვევაში, ასეთი ტიპის ქმედებები მოიცავდა ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის სოციალური განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღებას; ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების დახმარებას მონიტორინგის განხორციელების კუთხით და მათთვის შესაბამისი უფლებამოსილებების მინიჭებას; ადგილობრივ მოსახლეობასთან მრავალმხრივი და მუდმივი ინტერაქციის უზრუნველყოფას; და პროექტის საქმიანობის დეტალურად შემოწმების საშუალებას როგორც შიდა, ისე გარეთა დაინტერესებული პირების მიერ. მეორეს მხრივ, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის ქეისმა დაგვანახა, რომ სოციალური ლიცენზიის მარტივი პრინციპების უგულვებელყოფამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. არასამთავრობო პროექტების ანალიზით მე შევეცადე მეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება სოციალური ლიცენზიის მიდგომის გამოყენება არა-ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში და რა სარგებელი შეიძლება ამან მოუტანოს როგორც პროექტის განმახორციელებლებს, ისე ბენეფიციარებს (სხვათაშორის, ერთ-ერთი ჩემი სტატია სადოქტორო ნაშრომიდან ღიადაა ხელმისაწვდომი და შეგიძლიათ აქედან გადმოტვირთოთ: Social licence to operate through a gender lens: The challenges of including women’s interests in development assistance projects
სოციალური ლიცენზიის მიდგომის კრიტიკა
სოციალური მიმღებლობის იდეა საკმაოდ საინტერესოა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე პროექტის განმახორციელებლებისთვის. ეს განსაკუთრებით ისეთ სექტორებს ეხება, სადაც სოციალური კონფლიქტის რისკების მაღალია (როგორიცაა წიაღის მოპოვება). არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სოციალური ლიცენზიის უქონლობა ან დაბალი მაჩვენებელი განაპირობებს პროექტის შეფერხებებს და უზარმაზარ ფინანსურ დანაკარგებს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სოციალური ლიცენზიის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობა სამართლიანი მოპყრობის და უფლებების შესაფერისი პატივისცემის გარეშე დატოვოს.
მეორე მხრივ, არსებობს რისკი, რომ პროექტის მომხრეები სოციალური ლიცენზიის მიდგომას გამოიყენებენ, როგორც რეპუტაციის მართვის მორიგ ინსტრუმენტს. ეს იქნებოდა სოციალური ლიცენზიის არსის და იდეის არასწორი გაგება. სოციალური ლიცენზია არ არის კომპანიის ქმედებების „გაპრავება“, არამედ სწორი მიდგომა, რომელიც სამართლიანი იქნებოდა ყველა მხარისთვის. არსებობს რისკი, რომ პროექტის განმახორციელებლებმა მოახდინოთ ამ სოციალური ლიცენზიის ცნებით მანიპულირება და პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმაზე უფრო სასარგებლოდ წარმოაჩინონ, ვიდრე ის სინამდვილეში არის. ასევე შესაძლებელია რომ ამ ცნების გამოყენებით შეცვალონ დისკურსი და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დაუთმო დრო. ასეთი რისკების შესამცირებლად და სოციალური ლიცენზიის მიდგომის ეფექტურობის მისაღწევად, აუცილებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ზედმიწევნით ესმით და შეუძლიათ მისი გამოყენება სამოქალაქო საზოგადოებირ ორგანიზაციებთან, აკადემიურ დაწესებულებებთან და დარგის პრაქტიკოსებთან ერთად.
როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოსადეგი იქნება სოციალური ლიცენზიის მიდგომის გამოყენება საქართველოში? რა მხრივ შეიძლება მან მოიტანოს რეალური ცვლილება ადგილობრივ მოსახლეობისთვის ან პროექტის განმახორციელებლებისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.