• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • სტატიები და ბლოგი
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • სტატია: თანამედროვე რობინ ჰუდი ვალებში ჩაფლულ ქართველებს დამცველად მოევლინა
    იანვარი 7, 2021

    სტატია: თანამედროვე რობინ ჰუდი ვალებში ჩაფლულ ქართველებს დამცველად მოევლინა

    ქვეყანას ევროპაში ვალის მშპ-სთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს. სიტუაციას პანდემია კიდევ უფრო ამძიმებს.

    20 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ერთი შეხედვით, ეს უბრალო ძარცვას ჰგავდა.

    მაგრამ მძარცველად შერაცხულ, 31 წლის დურგალ ლევან ზურაბაშვილს ფული არ მოუთხოვია. ამის ნაცვლად, მან საქართველოს მთავრობას პოლიტიკის რამდენიმე ცვლილების განხორციელება მოსთხოვა.

    „პირველი, აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები,“- განაცხადა ზურაბაშვილმა პირდაპირი ეთერით. „მეორე: ბანკებს მიეცეთ უფლება [დააწესონ] მხოლოდ 7% წლიურ სესხებზე“.

    აქ რამდენიმე მძევალმა ლაპარაკი შეაწყვეტინა. „7 პროცენტი ბევრია, ევროპაში 3 პროცენტია”, – აღნიშნა ერთმა კაცმა.

    „დაიცა დავამთავრო,“ ითხოვა ზურაბაშვილმა.

    მისი მესამე და საბოლოო მოთხოვნა ფარმაცევტული კომპანიების მოგების 10 პროცენტიანი ზღვრის დაწესება იყო, რაც წამლების ფასებს შეამცირებდა. „მოხუცი ხალხი ყიდულობენ ძირითადად წამლებს და აძლევთ 250 ლარ პენსიას“ (დაახლოებით 75 აშშ დოლარი), თქვა მან და განმარტა, რომ ბანკები ხანდაზმულ მოქალაქეებს ძვირადღირებული სესხებით აყაჩაღებენ, რომლებიც მათ გადაუხდელი სამედიცინო ხარჯების დასაფარად სჭირდებათ.

    სესხზე დამოკიდებულება

    თავდამსხმელის მოსმენისას, ბევრ ქართველს თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა მოუწევდა. ბოლო რამდენიმე წელია, ქართველები ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად იძირებიან ვალებში. საქართველოს შინამეურნეობების დაახლოებით 80 პროცენტს 2018 წელს სესხების სახით, ჯამურად 5,5 მილიარდი აშშ დოლარი (მშპ-ს 31 პროცენტი) ბანკის ვალი ჰქონდა. 2018 ბოლო წელია, რომელზეც ეროვნული ბანკის დეტალური მონაცემები არის ხელმისაწვდომი. უცნობია, რამხელაა არასაბანკო გამსესხებლების ვალი.

    ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, სამომხმარებლო სესხების ეროვნული ეკონომიკის ზომასთან ფარდობის მიხედვით, საქართველო ევროპული ქვეყნების სიის სათავეშია და მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს.

    მართალია, შეძლებული ოჯახები სესხებს თავიანთი ფინანსური მოქნილობის გასაუმჯობესებლად იღებენ, თუმცა, უფრო და უფრო მეტ სესხს ყველაზე ღარიბი ქართველები იღებენ – რაც მათ ისედაც არასტაბილურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს, ნათქვამია მსოფლიო ბანკის 2018 წლის კვლევაში.

    ზურაბაშვილის მძევალი ევროკავშირთან დაკავშირებითაც მართალი იყო. ევროპის უმდიდრეს ქვეყნებში, საფრანგეთსა და გერმანიაში, ბანკები საოჯახო სესხებს საშუალოდ 4 პროცენტიანი განაკვეთით გვთავაზობენ, ხოლო ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოში ეს რიცხვი მაღალია – 17 პროცენტი. მიკროსაფინანსო საკრედიტო კომპანიები, ისეთები, როგორსაც ზურაბაშვილი თავს დაესხა, საკრედიტო ისტორიის კარგად შემოწმების მაგივრად, კიდევ უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს გვთავაზობენ, რითაც ბევრ ქართველს იტყუებენ სესხის მახეში.

    არსებობს მოსაზრება, რომ აზარტული თამაშები მნიშვნელოვნად ართულებს სესხის პრობლემას. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად ზურაბაშვილსაც ჰქონდა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა მის მოთხოვნებს შორის ყველაზე ხმამაღალი ხანდაზმული მოქალაქეების სამედიცინო ვალთან დაკავშირებული მოთხოვნა იყო.

    ქვეყნის მწირი პენსიების გათვალისწინებით, ხანდაზმულ ქართველებს – თუ მათ შვილები არ ეხმარებიან – ჩვეულებრივ, ყოველდღიური ხარჯებისთვისაც კი ფულის სესხება უწევთ. პენსიაზე გასული ქართველების დაახლოებით ნახევარს აქვს საბანკო სესხი. ლიბერთი ბანკი, დაწესებულება, რომელსაც პენსიების განაწილების მონოპოლია აქვს, საოცრად მაღალ, წლიურ 31%-ს აკისრებს პენსიონერ მსესხებლებს.

    ღარიბ ოჯახებში პენსიაზე გასული ქართველების მცირე, თუმცა სტაბილური შემოსავალი მათ ხშირად ვალის აღებისთვის ერთადერთ უფლებამოსილ წევრებად აქცევს. ეს იმას გულისხმობს, რომ ისინი სესხულობენ როგორც მთელი ოჯახის სახელით, ასევე საკუთარი მედიკამენტების საყიდლად. საშუალოდ, ქართველი პენსიონერები თვეში 65-დან 80 ლარამდე (20-25 აშშ დოლარს) ხარჯავენ ვალების მომსახურებაში, განუცხადა Eurasianet-ს მიხეილ სვანიძემ, თბილისელმა სოციოლოგმა.

    ზურაბაშვილმა თავდასხმის დღეს სცადა დედისთვის მედიკამენტების შეძენა, მაგრამ ამისთვის ფული არ ეყო, განუცხადა ჟურნალისტებს ლევანის დედამ, ლამარა ტერელაძემ.

    „ხელზე მაკოცა, დავლოცე და სამსახურში გავუშვი. ყველაფერმა იმოქმედა ეტყობა, დედაჩემს წამალი ვერ ვუყიდეო, მაღაზიიდან პურს ვალზე ვყიდულობთ […] ეკონომიური გაჭირვება იყო მიზეზი, რომ ასეთი რამე ჩაიდინა. როგორც ჩანს, ცოტა დალია,“ – განუცხადა მან ტელეარხ ”ფორმულას”. ტერელაძემ თქვა, რომ მან და მისმა ვაჟმა ასევე რამდენიმე ბანკიდან თანხა ისესხეს ზურაბაშვილის აწ-გარდაცვლილი მამის სამკურნალო ხარჯების გადასახდელად. ისინი თავიანთი შემოსავლის უმეტეს ნაწილს ამ სესხების გადახდაში ხარჯავენ, თქვა მან.

    ”ის ბიჭი [ზურაბაშვილი] ყველაფერში მართალი იყო”, – თქვა ციცინო ალავერდაშვილმა, 85 წლის კახეთის მაცხოვრებელმა. ალავერდაშვილი თავს ირჩენს ტურისტულ ქალაქ სიღნაღის ერთერთ ქუჩაზე მზესუმზირის, ხელნაკეთი წინდების და ჩურჩხელის გაყიდვით. ალავერდაშვილს ზაფხულში გულის შეტევა ჰქონდა და სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევამ მხოლოდ მკურნალობის ნაწილი გადაიხადა. ”დანარჩენი ბანკიდან უნდა მესესხა, ან ნათესავებმა მომცეს”, – განუცხადა ალავერდაშვილმა Eurasianet-ს – „ახლა ქუჩაში ვვაჭრობ, რომ ბანკს ფული ვუხადო და წამლები ვიყიდო.”

    პანდემიის გავლენა

    ფინანსურად დაუცველი ქართველებისთვის სესხი 2020 წლამდეც მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, COVID-19-ის პანდემიის მოსვლით პრობლემა ქვეყნის მეწარმეებსაც შეეხო.

    2019 წელი საუკეთესო წელი იყო ნიკა ვაჩეიშვილის მცირე ბიზნესისთვის. მისი ელეგანტური პატარა სასტუმრო და მარანი ატენის ხეობაში, თბილისიდან დაახლოებით 100 კილომეტრით სამხრეთით. „სასტუმრო ყოველდღე დაჯავშნილი იყო; ხალხი აქ საქორწილო და დაბადების დღის წვეულებებზეც მოდიოდა”, – უთხრა ვაჩეიშვილმა Eurasianet-ს.

    ვაჩეიშვილი და მისი ოჯახი 2010 წელს თბილისიდან ატენში გადასახლდნენ, სადაც თვალწარმტაცი კლდეები ვენახსა და VII საუკუნეში აშენებულ ეკლესიას გადმოჰყურებს. მათ ააშენეს სახლი, გამართეს ფერმა და დაიწყეს ღვინის დაყენება. საბოლოოდ, ეს ადგილი აყვავებულ ტურისტულ ცენტრად იქცა და მათი ღვინის გამომუშავებაც წელიწადში 100 ბოთლიდან 4000 ბოთლამდე გაიზარდა.

    სასტუმროდ ქცეული სახლის გასაფართოებლად აიღეს სესხი, რომ 19 ოთახიანი სასტუმრო აეშენებინათ. ასევე ორი პატარა სესხი თხების შესაძენად, რესტორნის გასაფართოებლად, საკონფერენციო სივრცის და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად. ახალი სასტუმრო გასულ წელს გაიხსნა. „მომენტალურად გაივსო, ბანკიც კი ვერ იჯერებდა ჩვენს წარმატებას”, – თქვა მან.

    მაგრამ პანდემიის შემდეგ ვაჩეიშვილები, ისევე, როგორც მრავალი სხვა სასტუმროს და რესტორნის მფლობელი, გაკოტრების პირას აღმოჩნდა. ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში, „აქა-იქ გაყიდული რამდენიმე ბოთლი ღვინოს გარდა, ბიზნესი აღარ გვაქვს, არადა სამი სესხი გვაქვს დასაფარი”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

    სახელმწიფოს ნაბიჯები

    ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქების პროგრამის ფარგლებში, მთავრობა იწყებს მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის სესხის ყოველთვიური გადასახადის 6 პროცენტის სუბსიდირებას. ეს დახმარება, უნივერსიტეტის პროფესორის ხელფასთან ერთად, დაეხმარება ვაჩეიშვილს დროებით შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მაგრამ დახმარების პროგრამა მარტში დასრულდება. „ჯერ ვცდილობ პანიკას არ ავყვე,” – თქვა მან, “მარტში მომიწევს პანიკა”.

    2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მილიარდერმა ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის მასშტაბით ვალისგან გაათავისუფლა დაახლოებით 600,000 პრობლემური მსესხებელი. მისმა საქველმოქმედო ფონდმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სესხები გაისტუმრა. ვალების გასტუმრების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა გაჭირვებული მსესხებლებისთვის მეორე შანსის მიცემას გააკრიტიკეს, როგორც ამომრჩევლების ხმების მოსყიდვის სქემა.

    მთავრობამ ასევე სცადა მიკროსაფინანსო სესხების ინდუსტრიის ყველაზე მანკიერი მხარეების დარეგულირება მაქსიმალური დასაშვები საპროცენტო განაკვეთის ზღვრის დაწესებით (ჯერ 100, შემდეგ კი 50 პროცენტი) და დაგვიანებული გადახდების ჯარიმაზე ზედა ზღვრის დაწესებით. ამ ღონისძიებებმა საქართველო გაათავისუფლა ცუდი სესხების დიდი ნაწილისგან, მაგრამ მომდევნო წელს დავალიანების დონემ კვლავ იწყო ზრდა.

    შემდეგ, COVID-19 დაგვატყდა თავს, თავისი უხელფასო შვებულებებით, სამსახურიდან დათხოვნებით და ბიზნესის დახურვებით. ბევრი ქართველი, მათ შორის ვაჩეიშვილი გაკოტრდა, ან გაკოტრების პირასაა.

    ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქების მცდელობით, საქართველოს ხელისუფლება ჩვეულებრივი ქართველის მსგავსად იქცევა. სახელმწიფომაც სესხების აღება დაიწყო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, რათა თავისი ვალდებულებები შეასრულოს – უპირველეს ყოვლისა, სოციალური დაცვის ხარჯები დაფაროს.

    ნავარაუდევია, რომ სახელმწიფო ვალი 2020 წლის ბოლომდე 8.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 60%-ია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეს არის სესხის ის მაქსიმალური ოდენობა, რაც სახემწიფოს შეუძლია აიღოს. ისეთ მდიდარ ეკონომიკებში, როგორიცაა იაპონია და შეერთებული შტატები, სესხის მშპ-სთან შეფარდება გაცილებით მაღალია, მაგრამ ადგილობრივი ანალიტიკოსები წუხილს გამოთქვამენ მომატებული სესხის თაობაზე, რადგან საქართველოს ეკონომიკა მცირდება, და ვალუტა უფასურდება.

    „ფისკალური სისტემა სულ უფრო დაუცველი ხდება მომავალი პოტენციური ეკონომიკური შოკის ფონზე,” – წერს კორუფციისა და კარგი მმართველობის მაკონტროლებელი ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის ადგილობრივი ფილიალი ბოლო ანგარიშში.

    რობინ ჰუდი

    რადგან საქართველოში ჭარბვალიანობა უფრო და უფრო მწვავე განხილვის თემაა, ზურაბაშვილის მოთხოვნებს დიდი აუდიტორია ჰყავდა. ბევრი მას გმირად თვლიდა, რომელმაც ღარიბების დასაცავად ხმა ამოიღო და სიმართლე ძალაუფლების მქონე ხალხს გააგებინა. სხვები ამტკიცებდნენ, რომ თანამედროვე რობინ ჰუდი ფსიქიურად შერყეული და ალბათ ნასვამი იყო, როდესაც მან თავისი ცნობილი საქმე ჩაიდინა.

    ასეა თუ ისე, დღის განმავლობაში მისი ქცევა ბოროტმოქმედისას სულ უფრო ნაკლებად ჰგავდა. ზოგი მძევალი უბრალოდ დაემშვიდობა და წავიდა, ზურაბაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის საბოლოოდ თავისი ნებით ჩაბარდა. წარმატებით განხორციელებული “სპეცოპერაციის” შემდეგ, პოლიციამ ზურაბაშვილი განაიარაღა. იარაღები სათამაშოები აღმოჩნდა.

    მხარდამჭერებმა მალევე დაიწყეს პეტიციების ხელმოწერა ზურაბაშვილის შეწყალების თხოვნით და გირაოსთვის თანხის შეგროვებით. სხვები კი ბრაზით და განცვიფრებით შეხვდნენ ამ ძალისხმევას. ზოგიც სიფრთხილით მოეკიდა დანაშაულის განდიდებას.

    „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის […] რომანტიზება,”, – განუცხადა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს თავდასხმის დღეს. „სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი.“ ინციდენტი უნდა იყოს გაკვეთილი პოლიტიკოსებისთვის, რომ დაუკავშირდნენ ამომრჩეველს და გააცნობიერონ მათი საჭიროებები.

    სასამართლო პროცესის დაწყებამდე, რომელიც ამ თვეშია დაგეგმილი, ზურაბაშვილი ფსიქიატრიულ გამოკვლევებს გადის. დედამისმა ტირილით მიმართა ერს, შეიწყალოს მისი ვაჟი. „ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა გუშინ შეაწუხა, ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანის და მაპატიეთ მე,“ – თქვა მან შვილის დაკავების შემდეგ, „როგორც ერთადერთი შვილის პატრონს, მე სხვა არავინ დამრჩენია. მაპატიეთ მე.“

     

    სტატია მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და შესაძლოა, არ წარმოადგენდეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან Გაერთიანებული ერების ოფიციალურ შეხედულებას.

    სტატია მოამზადა გიორგი ლომსაძემ და გამოქვეყნდა Eurasianet.org-ზე.